ახალი ამბები
"პუტინმა თქვენ მე-19-ე საუკუნეში დაგაბრუნათ" - ბაიდენი რუს ხალხს
FaceBook
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, პოლონეთიდან რუს ხალხს მიმართა.

მან რუსეთის მოქალაქეებს გაახსენა ბერლინის კედლისა და საბჭოთა კავშირის დანგრევა და უთხრა, რომ ყველაზე კარგად მათ იციან და ესმით, რატომ ჩამოიხსნა რკინის ფარდა. ბაიდენის თქმით, ბოლო ერთ თვეში რუსეთი 200 000-მა ადამიანმა დატოვა, რაც ქვეყანაში დემოკრატიის ნაკლებობის მანიშნებელია. მან უთხრა რუს ხალხს, რომ რამდენიმე დღის წინ ისინი 21-ე საუკუნის მოქალაქეები იყვნენ, ახლა კი პუტინის ქმედებებმა მე-19-ე საუკუნეში დააბრუნა.

"მინდა მივმართო რუს ხალხს, ჩვენ არ ვართ თქვენი მტერი, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ბავშვების და მოხუცების მოკვლა არის სამართლიანობა, მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ზესახელმწიფოს ქმედებები. რამდენიმე დღის წინ, თქვენ იყავით 21-ე საუკუნის ქვეყანა, მაგრამ პუტინის ქმედებებმა თქვენ მოგწყვიტათ სამყაროს და დაგაბრუნათ მე-19-ე საუკუნეში. ნუთუ თქვენი შვილები იმსახურებენ ასეთ მომავალს? ძალა არის ერთად ყოფნაში და ამ ერთად ყოფნამ დაამარცხა საბჭოთა კავშირი. დიქტატორი კი, რომელიც ისწრაფვის ისტორიას ჩაბარებული იმპერიის აღდგენისთვის, ვერასდროს მოახერხებს მიზნის მიღწევას, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში",
- თქვა ბაიდენმა.

მან ასევე ისაუბრა უკრაინელ დევნილებზე, რომლებიც მან პოლონეთში მოინახულა და თქვა, რომ ძალიან დათრგუნულია ამით, თუმცა, აღფრთოვანებულია პოლონელების გულუხვობით, რომლებმაც გულის კარი გაუღეს უკრაინელებს.

ჯო ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტი დაასრულა.
Print
თეგები: #ჯო ბაიდენი