ახალი ამბები
ევროკავშირი უკრაინის აღსადგენად სპეციალურ ფონდს შექმნის
FaceBook
ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის მთავრობას, სახელმწიფოს გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის დასკვნების მე-8 პუნქტშია ნათქვამი.

"რუსეთის სამხედრო აგრესიით უკრაინისთვის მიყენებული ნგრევისა და უზარმაზარი ზარალის გათვალისწინებით, ევროკავშირი იღებს ვალდებულებას მხარი დაუჭიროს უკრაინის მთავრობას სახელმწიფოს გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაში და ომის შემდეგ დემოკრატიული უკრაინის აღდგენაში. ამ მიზნით, ევროკავშირი თანახმაა შექმნას სოლიდარობის ფონდი და იწვევს საერთაშორისო პარტნიორებს"
- წერია სამიტის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებში.

უკრაინული გამოცემა "უნიანის" ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შედეგად ინფრასტრუქტურის ზარალმა უკვე 62-119 მილიარდი დოლარი შეადგინა. მოსახლეობის, სოციალური და სამედიცინო ინფრასტრუქტურის ობიექტების ზარალი 10 მილიარდ დოლარამდეა.

უკრაინის ფინანსთა მინისტრი სერგეი მარჩენკო მიიჩნევს, რომ ომის გამო უკრაინა მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) 1/3-ს დაკარგავს.

უწყების მონაცემებით, უკრაინის პირდაპირი ზარალი 2022 წელს იქნება, დაახლოებით, 62 მილიარდი დოლარი, ხოლო სამომავლო განაღმვის ხარჯები 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.

ზარალის ანაზღაურების სხვა თანხები, ექსპერტების თქმით, უკრაინამ რუსეთისგან სასამართლოს გზით უნდა მიიღოს, რაშიც იგულისხმება რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირებისთვის აქტივების გაყინვა.
Print