ახალი ამბები
"დიდი გამარჯვება" - პრეზიდენტი აგვისტოს ომის სარჩელების დაუშვებლად ცნობაზე
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტი დიდ გამარჯვებას უწოდებს, სტრასბურგის მიერ აგვისტოს ომის შესახებ, ცხინვალის მოსახლეობის მიერ შეტანილი სარჩელების დაუშვებლად ცნობას.

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა, ახლა აცხადებს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება კიდევე ერთხელ ამტკიცებს ქართული მხარის სიმართლეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.

"დიდი გამარჯვება, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოს სიმართლეს. ამ გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აშკარა იურიდიულ, საერთაშორისო მხარდაჭერას",
- წერს პრეზიდენტი.

24 მარტს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჯაროვა. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვება მოიპოვა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რუსეთის კოორდინაციით, ცხინვალის მოსახლეობის მიერ, საქართველოს წინააღმდეგ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

დღეის მდგომარეობით, სტრასბურგში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი კიდევ 154 საჩივარი.

რამდენიმე დღის წინ, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ჰააგის სასამართლოს პროკურორმა ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე, დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ.

Print