ახალი ამბები
გერმანია, ლატვია და სლოვენია რუსულ გაზსა და ნავთობს რუბლით არ შეისყიდის
FaceBook
გერმანია, ლატვია და სლოვენია უარს ამბობენ პუტინის მოთხოვნაზე, რუბლში შეიძინონ რუსული გაზი და ნავთობი.

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსული ენერგორესურსების საფასურის გადახდა ხელშეკრულებით არის განსაზღვრული, სადაც წერია, რომ ანაზღაურება ევროსა და დოლარის ვალუტით უნდა მოხდეს.

"არის მძიმე კონტრაქტები, რომლებშიც ვალუტები, რომლითაც ხდება გადახდა, არის ხელშეკრულების ნაწილი. ეს არის ის, რაც ახლა მოქმედებს. ძირითადად, არის ევრო ან დოლარი. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ აქედან გამომდინარე",
- განაცხადა შოლცმა ბრიუსელში G7-ის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

კანცლერმა დასძინა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები საგულდაგულოდ იყო მომზადებული და ქვეყნებმა გულდასმით განიხილეს, თუ რომელ სანქციებს ექნება ყველაზე დიდ ეფექტი.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ზომები ძალიან ეფექტურია და მუდმივად ვავითარებთ მათ", - განმარტა შოლცმა.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსულ ენერგორესურსებში რუბლის გადახდაზე უარი თქვა ავსტრიულმა კომპანია OMV-მა, ასევე, ლატვიამ განაცხადა, რომ არ შეისყიდის გაზს რუსეთიდან რუბლში, ვინაიდან ხელშეკრულება "არ ითვალისწინებს სხვა ვალუტაში გადახდის შესაძლებლობას, გარდა ევროსა". კიდევ უფრო პირდაპირი იყო სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა, რომელმაც თქვა: "ევროპაში არავინ გადაიხდის გაზის საფასურს რუბლებში".

ორი დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "არამეგობრულ ქვეყნებს" მოსთხოვა, რომ ნავთობი და გაზი რუბლში შეისყიდონ. გუშინ კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, არ გადაუხადონ რუსეთს რუბლი.

უკრაინაში შეჭრის გამო, ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა რუსეთს მძიმე ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. ოკუპანტი ჯარი განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
Print