ახალი ამბები
"ბუნდოვანია დაეკისრება თუ არა სახელმწიფოს იმ ზარალის კომპენსირება, რაც "ენკას"-ს მიადგა"
FaceBook
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი", რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია "ენკას" მიერ ხელშეკრულების საბოლოოდ გაწყვეტას ეხმაურება.

არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ჰესის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებში თავიდანვე იყო ჩართული, საკითხთან დაკავშირებით მეტ მკაფიოობას მოითხოვს და ხელისუფლებას მოუწოდებს გაასაჯაროოს ყველა ის დეტალი, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება. მათ შორის, საუბარია 40 მილიონი დოლარის ქონებაზე, რომელიც "ენკას" ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ ჩამოეწერა.

"ამ ეტაპზე ბუნდოვანია ასახავს თუ არა ეს ოდენობა ფინანსური ზარალის საბოლოო მასშტაბს და ხომ არ არის შესაძლებლობა, რომ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის მორიგების პროცესი განახლდეს, ან ის საარბიტრაჟო დავაში გადაიზარდოს. ამ ეტაპზე ბუნდოვანია დაეკისრება თუ არა სახელმწიფოს იმ ზარალის კომპენსირება, რაც ENKA-ს მიადგა - მთავრობასთან დადებული ხელშეკრულება კი ამ კუთხით არაერთ პრობლემურ ჩანაწერს შეიცავს",
- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ხელისუფლებისგან საჯარო განმარტებებს ითხოვს პროექტის მომავალთან დაკავშირებითაც.

"მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა განმარტოს საკუთარი პოზიცია, როგორც ENKA-სთან მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ, ისე პროექტის მომავალთან დაკავშირებით. პროექტის ბუნდოვანი მომავლის გამო "რიონის ხეობის მოძრაობა" წინააღმდეგობას არ წყვეტს და კვლავ ხეობაში რჩება. მათი პოზიცია და მოთხოვნები დიდწილად უცვლელია. როგორც ჩანს, სამართლებრივად არაფერი შეცვლილა არც ნამახვანჰესის საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია, ისევე როგორც სამშენებლო ნებართვა", - აცხადებენ "სოციალური სამართლიანობის" ცენტრში.

დღეს გახდა ცნობილი, რომ "ენკამ" ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება ოფიციალურად გაწყვიტა. ფინანსური დოკუმენტიდან კი ირკვევა, რომ კომპანიას ანგარიშიდან 40 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება ჩამოეწერა.

ხელშეკრულების გაწყვეტის პარალელურად, "ენკამ" რიონის ხეობაში ტექნიკის დემონტაჟი დაიწყო.

კომპანია "ენკა რინიუებლზი" რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს აშენებდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობისგან უწყვეტი პროტესტი მოჰყვა. სპეციალისტები, რომლებმაც ხელშეკრულება დეტალურად შეისწავლეს, აცხადებენ, რომ მასში დათმობილია სახელმწიფო ინტერესი.

კომპანიამ გასული წლის სექტემბერში, საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის მიზეზით, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განაცხადი. იმ დროიდან მოყოლებული, ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებული იყო, თუმცა, ადგილზე რჩებოდა მძიმე ტექნიკა.
Print