ახალი ამბები
„რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში“ - ზელენსკის მიმართვა ნატოს სამიტზე
FaceBook
24 მარტს, ბრიუსელში, ნატოს სამიტზე შეკრებილებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით მიმართა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მაშინ, როცა მსოფლიო ინვესტიციებს სიცოცხლეში დებს, რუსეთმა ფული სიკვდილში დააბანდა.

"მათ (რუსეთმა) დიდი ფული ჩადეს სიკვდილში, მთელი მსოფლიო კი ინვესტიციებს სიცოცხლეში დებს".

ზელენსკიმ უკრაინისთვის ნატოს სამხედრო დახმარებაზეც ისაუბრა.

"ხალხისა და ჩვენი ქალაქების გადასარჩენად უკრაინას სჭირდება სამხედრო დახმარება შეზღუდვების გარეშე, ისე, როგორ შეუზღუდავადაც რუსეთი გამოიყენებს მთელ არსენალს ჩვენს წინააღმდეგ" - თქვა ზელენსკიმ.

თავის გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტი ნატოს მზადყოფნას შეეხო და კონკრეტულად იმას, რამდენად არის ალიანსი მზად რუსეთისგან თავის დასაცავად.

"რუსეთი არ ფიქრობს უკრაინაში გაჩერებას, არ ფიქრობს და არ აპირებს. მას სურს უფრო შორს წასვლა. ნატოს, აღმოსავლეთ ევროპის წევრები ქვეყნების წინააღმდეგ - ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი - ეს უდავოა. მაშინ შეწყვეტს კი ნატო ფიქრს, თუ რუსეთი ამას გააკეთებს? ვინ შეიძლება იყოს ამაში დარწმუნებული? და დარწმუნებული ხართ იმაში, რომ მე-5 მუხლი ამუშავდება? ბუდაპეშტის შეთანხმებამ ჩვენთვის არ იმუშავა. ბუდაპეშტის მემორანდუმმა არ იმუშავა იმისთვის, რომ უკრაინაში მშვიდობა ყოფილიყო", - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ნატოს მიმართ ერთადერთი მოთხოვნა გააჟღერა.

"ერთადერთი, რასაც მოვითხოვ თქვენგან... ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, ეს არის მოთხოვნა ჩვენი სამხედროებისთვის - რუსეთის წინააღმდეგ ასეთი ომის შემდეგ, გთხოვთ, არასოდეს, აღარასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი არმია არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს", - განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს ბრიუსელში ნატოს, ევროკავშირისა და "დიდი შვიდეულის" სამიტები გაიმართა, სადაც ნატოს ლიდერებმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგები განიხილეს.
Print