ახალი ამბები
ევროსასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ 370 საჩივარი დაუშვებლად ცნო
FaceBook
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჯაროვა.

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვება მოიპოვა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რუსეთის კოორდინაციით, ცხინვალის მოსახლეობის მიერ, საქართველოს წინააღმდეგ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

"სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდნენ კონტროლს ცხინვალზე და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს", - აღნიშნა ბრეგაძემ.

მისი თქმით, საჩივრები იყო დაუსაბუთებელი, ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები.

დღეის მდგომარეობით, სტრასბურგში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი კიდევ 154 საჩივარი.

რამდენიმე დღის წინ, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ჰააგის სასამართლო პროკურორმა ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე, დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ.



Print