ახალი ამბები
დღეს ნატოს, ევროკავშირისა და "დიდი შვიდეულის" სამიტები გაიმართება
FaceBook
დღეს ბრიუსელში ნატოს, ევროკავშირისა და "დიდი შვიდეულის" სამიტები გაიმართება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება.

"ნატოს ლიდერები ბრიუსელში ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში შეხვდებიან. მოუთმენლად ველოდები პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც შეხვედრის დროს მოგვმართავს", - განაცხადა ნატოს სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ისინი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგებს განიხილავენ, ასევე, ჩინეთის როლს კრიზისში და გადაწყვეტენ ნატოს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების შემდგომ ნაბიჯებს.

ნატოს საგანგებო სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წინასწარ გააჟღერა ის გადაწყვეტილებები, რომლებზეც ლიდერები დღეს იმსჯელებენ.

ეს გადაწყვეტილებები მოიცავს ნატოს ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფის განთავსებას ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში; ნატოს პოზიციის გაძლიერებას ყველა სფეროში (სახმელეთო, ზღვა, ჰაერი, კოსმოსი და კიბერ სივრცე), უკრაინის დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერებას, რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია - ჰერცოგოვინასთვის.

"გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მივიღებთ, შორსმიმავალი შედეგები ექნება", - თქვა გენერალურმა მდივანმა.

მან გაიმეორა, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ნატოს მოკავშირეებს დასჭირდებათ გააორმაგონ ძალისხმევა თავდაცვის სფეროში მეტი ინვესტიციისთვის.


Print