ახალი ამბები
"უკრაინის ყველა ატომური ელექტროსადგური საფრთხის ქვეშაა" - ვოლოდიმირ ზელენსკი
FaceBook
"უკრაინაში ამჟამად ფუნქციონირებს ოთხი ატომური ელექტროსადგური - 15 ატომური ერთეული. ყველა მათგანი, რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო, საფრთხის ქვეშაა" -

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტის წინაშე გამოსვლის დროს განაცხადა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველამ იცის რა არის ჩერნობილი - ატომური ელექტროსადგური უკრაინაში, სადაც 1986 წელს ძლიერი აფეთქება მოხდა.

"ჩერნობილის სადგურის ირგვლივ 30 კილომეტრიანი ზონა ჯერ კიდევ დაკეტილია. ათასობით ადამიანია დამარხული ტყეებში. უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ, წლები დასჭირდება მათ მიერ ჩერნობილის მიწაზე მიყენებული ზიანის გამოძიებას", - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი ახალი თავდასხმების მოსამზადებლად ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან არსებულ დახურულ ზონას იყენებს.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდა ასობით სამრეწველო ქარხანა და ბევრი მათგანი განსაკუთრებით საშიშია.

"დაბომბვა საფრთხეს უქმნის გაზსა და ნავთობსადენებს, ქვანახშირის მაღაროებს. ცოტა ხნის წინ, რუსულმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ქიმიურ წარმოებას უკრაინის სუმის რეგიონში. იყო ამიაკის გაჟონვა. ჩვენ გაფრთხილებულნი ვართ შესაძლო ქიმიური თავდასხმების შესახებ, კერძოდ, გაზის გამოყენებით, როგორც ეს სირიაში იყო", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა იაპონიის პარლამენტის წინაშე.

უკრაინაში ომის 28-ე დღეა. რუსი აგრესორები სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.
Print