ახალი ამბები
ოკუპანტებმა მარიუპოლისკენ მიმავალი 11 ჰუმანიტარული ავტობუსი დააკავეს
FaceBook
უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ავტობუსები დააკავეს და მათზე კონტროლი აიღეს. სულ საუბარია 11 ავტობუსზე.


"რუსულმა ძალებმა მარიუპოლისკენ მიმავალი, მოსახლეობის ევაკუაციისთვის განკუთვნილი 11 ავტობუსი ხელში ჩაიგდეს. მძღოლები და საგანგებო სიტუაციების სამსახურების რამდენიმე თანამშრომელი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს", - აცხადებენ მთავრობაში.

უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, ავტობუსები რუსულ საგუშაგოზე მანგუშის მახლობლად, მარიუპოლიდან 15 კილომეტრში დააკავეს.

მარიუპოლი ოკუპანტების მიერ ალყაშია მოქცეული. ქალაქში არ არის წყალი, დენი, გათბობა. ადგილობრივები საკვების გარეშე არიან დარჩენილი. არ აქვთ მედიკამენტები.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მარიუპოლში შენობების 90% განადგურებულია. 20 მარტს რუსულმა ჯარმა ალყაში მოქცეულ მარიუპოლს დანებება მოსთხოვა და იარაღის დაყრის შემთხვევაში ჰუმანიტარულ დერეფანს დაჰპირდა. მარიუპოლი დანებებას არ აპირებს და ბრძოლას აგრძელებს.

მარიუპოლში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმაც. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ალყაშემორტყმულ ქალაქში 100 000-მდე ადამიანი არაადამიანურ პირობებში იმყოფება.

უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. რუსული ავიაცია ყოველდღიურად ბომბავს ქალაქებს, დასახლებულ პუნქტებს, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებს, ცეცხლს უხსნის მშვიდობიან მოქალაქეებს ქუჩებში.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინი ამას "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.



Print