ახალი ამბები
ზელენსკი რომის პაპს უკრაინაში იწვევს
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომის პაპ ფრანცისკეს, მტკიცე და მკაფიო პოზიციისთვის მადლობას უხდის და უკრაინაში იწვევს.

"მჯერა, რომ ამ მნიშვნელოვანი ვიზიტის ორგანიზებას შევძლებთ, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად მხარს დაუჭერს თითოეული ჩვენგანი, თითოეული უკრაინელი", - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

პრეზიდენტმა, ასევე მოუწოდა უკრაინელ ხალხს არ დაიღალონ სამშობლოსთვის ბრძოლაში.

"ბოლომდე ვიბრძოლებთ, რამდენადაც შეგვიძლია. ვიბრძოლებთ მამაცურად, სრული ენერგიით. არ დაიღალოთ. დავისვენოთ, როცა გავიმარჯვებთ", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ქალაქ მარიუპოლში არსებულ მძიმე ვითარებაზეც. მარიუპოლი ახლა რუსი ოკუპანტების ალყაშია მოქცეული. ქალაქში არ არის წყალი, დენი, გათბობა. ადგილობრივები საკვების გარეშე არიან დარჩენილი. არ აქვთ მედიკამენტები. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ალყაშემორტყმულ ქალაქში 100 000-მდე ადამიანი არაადამიანურ პირობებში იმყოფება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მარიუპოლში შენობების 90% განადგურებულია. 20 მარტს რუსულმა ჯარმა ალყაში მოქცეულ მარიუპოლს დანებება მოსთხოვა და იარაღის დაყრის შემთხვევაში ჰუმანიტარულ დერეფანს დაჰპირდა, თუმცა, მარიუპოლი დანებებას არ აპირებს და ბრძოლას აგრძელებს.

უკრაინაში 28 დღეა მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. რუსული ავიაცია ყოველდღიურად ბომბავს ქალაქებს, დასახლებულ პუნქტებს, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებს, ცეცხლს უხსნის მშვიდობიან მოქალაქეებს ქუჩებში.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინი ამას "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.
Print