ახალი ამბები
"მარიუპოლში არაადამიანურ პირობებში 100 ათასი ადამიანი იმყოფება" - ზელენსკი
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლში 100 -ათასამდე ადამიანი გაუსაძლის პირობებში იმყოფება.


"მარიუპოლში არაადამიანურ პირობებში 100 ათასი ადამიანი იმყოფება. ჩვენ ვცდილობთ მოვაწყოთ სტაბილური ჰუმანიტარული დერეფნები მარიუპოლის მცხოვრებლებისთვის. მათი დახმარება ვერ ხერხდება, რადგან, რუსი ოკუპანტები ამ ადამიანებს თავს ესხმიან, დაბომბვით თუ ტერორით", - განაცხადა თავის ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებაში არის ჩართული.

"მადლობელი ვარ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რომელიც იყო პირველი ევროპელი ოფიციალური პირი, რომელმაც გადაწყვიტა და მხარი დაუჭირა ჩვენი ჰუმანიტარული დერეფნების მუშაობას მარიუპოლში. ჩვენი ხალხის გადარჩენა ქალაქიდან და იქ ჰუმანიტარული დახმარების მიტანა ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

მარიუპოლი ოკუპანტების მიერ ალყაშია მოქცეული. ქალაქში არ არის წყალი, დენი, გათბობა. ადგილობრივები საკვების გარეშე არიან დარჩენილი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მარიუპოლში შენობების 90% განადგურებულია. 20 მარტს რუსულმა ჯარმა ალყაში მოქცეულ მარიუპოლს დანებება მოსთხოვა და იარაღის დაყრის შემთხვევაში ჰუმანიტარულ დერეფანს დაჰპირდა. მარიუპოლი დანებებას არ აპირებს და ბრძოლას აგრძელებს.

უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. რუსული ავიაცია ყოველდღიურად ბომბავს ქალაქებს, დასახლებულ პუნქტებს, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებს, ცეცხლს უხსნის მშვიდობიან მოქალაქეებს ქუჩებში.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინი ამას "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.
Print