ახალი ამბები
ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ თვითიზოლაცია სავალდებულო აღარ იქნება
FaceBook
საკოორდინაციო საბჭო აუქმებს თვითიზოლაციას საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში პსრ ტესტის გარეშე ბრუნდებიან.

გადაწყვეტილება 28 მარტიდან ამოქმედდება.

საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული სხვა შეზღუდვებიც გააუქმა. საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს ამიერიდან მხოლოდ პირბადის ტარების ვალდებულება ექნებათ და ეს რეგულაცია მხოლოდ დახურულ დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმოქმედებს.

იხსნება საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დასაშვებ პირთა რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა, ასევე, სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის, სოციალურზე. ე.წ. დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე მყოფი თანამშრომლები დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაო ადგილებს. უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან პსრ ტესტის გარეშე.

"რომ შევაჯამოთ, ყველა რეგულაცია, გარდა დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულებისა, იხსნება", - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. მას შემდეგ ქვეყანაში სხვადასხვა შეზღუდვა ეტაპობრივად წესდებოდა და უქმდებოდა.
Print