ახალი ამბები
ქვეყანაში ყველა რეგულაცია, გარდა პირბადის ტარების ვალდებულებისა, იხსნება
FaceBook
საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა გააუქმა.

საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, ამიერიდან მხოლოდ პირბადის ტარების ვალდებულება ექნებათ და ეს რეგულაცია მხოლოდ დახურულ დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმოქმედებს.

იხსნება საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დასაშვებ პირთა რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა, ასევე, სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის, სოციალურზე. ე.წ. დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე მყოფი თანამშრომლები დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაო ადგილებს. უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან პსრ ტესტის გარეშე.

"რომ შევაჯამოთ, ყველა რეგულაცია, გარდა დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულებისა, იხსნება", - განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. მას შემდეგ ქვეყანაში სხვადასხვა შეზღუდვა ეტაპობრივად წესდებოდა და უქმდებოდა.
Print