ახალი ამბები
ომის 27-ე დღე უკრაინაში - შეჯამება
FaceBook
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, 21 მარტის საბრძოლო ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს.


გენშტაბის ცნობით, ომის 27-ე დღეს სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი არ ატარებს აქტიურ შეტევით ოპერაციებს, აგრძელებს ქალაქ სუმის ნაწილობრივ ბლოკირებას და ბომბავს ქალაქ ხარკოვს.

ამავდროულად, სუმის რაიონში 300-მდე რუსმა უარი თქვა საომარი მოქმედებების განხორციელების ბრძანების შესრულებაზე და ოპერაციის ადგილას დატოვა 70 ერთეული საბრძოლო ტექნიკა.

იუჟნობუჟსკის მიმართულებით დამპყრობლები გადავიდნენ თავდაცვით მოქმედებებზე, იღებენ ზომებს საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად და ცდილობენ დაზიანებული ჯავშანტექნიკის შეკეთებას.

მიკოლაევის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების კონტრშეტევის შედეგად, მტერი იძულებულია უკან დაიხიოს არახელსაყრელ პოზიციებზე.

საოკუპაციო ჯარების დამხმარე ნაწილები ცდილობენ აღადგინონ რკინიგზის მონაკვეთი ქალაქ ვალუიკიდან ქალაქ კუპიანსკამდე, რათა გააუმჯობესონ ჯარების ჯგუფის ლოჯისტიკა.

მტრის ავიაცია აგრძელებს უკრაინის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული ობიექტების განადგურებას კიევის, ჩერნიჰოვის, ხარკოვისა და დონეცკის რაიონებში სარაკეტო შეტევებით და დაბომბვით. ამავდროულად, დამპყრობლები აგრძელებენ ბელორუსის რესპუბლიკის აეროდრომების ქსელის აქტიურ გამოყენებას.

უკრაინის გენშტაბი ელოდება, რომ მტერი გააგრძელებს სარაკეტო შეტევებს და განახორციელებს საარტილერიო დაბომბვას უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო არტილერიის, ავიაციის, ზუსტი იარაღისა და სხვადასხვა საბრძოლო მასალის გამოყენებით.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელებმა მოიგერიეს მტრის 13 შეტევა და გაანადგურეს 14 ტანკი, 8 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 2MTLB, 3 საარტილერიო სისტემა და 4 მანქანა. მარიუპოლის დამცველებმა გაანადგურეს Raptor საპატრულო ნავი და Leer-3 ომის ელექტრონული კომპლექსი.

უკრაინაში 27 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.
Print