ახალი ამბები
საქართველო, 12 ქვეყანასთან ერთად, ხელს აწერს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას
FaceBook
საქართველო ერთ-ერთია იმ 13 ქვეყანას შორის, რომელიც უერთდება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადაუდებელი მოდერნიზაციის შესახებ განცხადებას. ამის შესახებ ტვიტერზე უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა რუსლან სტეფანჩუკმა დაწერა.

"დღეს ჩეხეთმა, ესტონეთმა, პოლონეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას "უკრაინის საჰაერო თავდაცვის მოდერნიზაციის გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ", - წერს სტეფანჩუკი.

უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. 26 დღეა უკრაინის ჯარი რუსი ოკუპანტების თავდასხმებს იგერიებს. რუსული ავიაცია ყოველდღიურად ბომბავს ქალაქებს, დასახლებულ პუნქტებს, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებს, ცეცხლს უხსნის მშვიდობიან მოქალაქეებს ქუჩებში. გუშინ, რუსულმა ჯარმა ალყაში მოქცეულ მარიუპოლს დანებება მოსთხოვა და იარაღის დაყრის შემთხვევაში, უკრაინელ ჯარისკაცებს ჰუმანიტარულ დერეფანს დაჰპირდა. მარიუპოლი დანებებას არ აპირებს და ბრძოლას აგრძელებს.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
Print