ახალი ამბები
წერეთლის ქუჩის ახლადარებილიტირებული ტროტუარი ისევ შესაკეთებლია
FaceBook
ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული ტროტუარი ისევ შესაკეთებელია.
საუბარია ტროტუარის იმ მონაკვეთზე, სადაც სამუშაოები ოქტომბერში დასრულდა, ნაწილი კი, რეკონსტრუქციის დაწყებიდან 2 წლის შემდეგაც დაუსრულებელია.

საგზაო დეპარტამენტში ჯერ გვითხრეს, რომ სამუშაოები დაუსრულებელი იყო, ხოლო შემდეგ თქვეს, რომ ყველა დეფექტი და ხარვეზი, რომელიც გამოიკვეთება, შემსრულებელი კომპანიის მიერ გასწორდება.   

წერეთლის ქუჩაზე რეაბილიტაცია ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ვადამ რამდენჯერმე გადაიწია. ბოლო ვადად კომპანიას მიმდინარე წლის მარტი განესაზღვრა, თუმცა, ამჯერადაც უცნობია მოახერხებს თუ არა შემსრულებელი სამუშაოების ბოლომდე მიყვანას. საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელი სამუშაოების გაჭიანურებას უამინდობით ხნის.

"თვენახევარია მზე არ გვინახავს, წვიმასა და თოვლში ვიყავით. დღეს გამოვიდა ამინდი და ორ დღეში ისევ ფუჭდება. რა ვიცი როდის დაამთავრებს. კომპანია, დეკემბრიდან ყოველდღე 700 ლარით ჯარიმდება. სამუშაოების დასრულება ორგანიზაციის ინტერესშიც შედის, მაგრამ უხარისხოს ვერ ჩავიბარეთ. გაკეთდება ყველაფერი, ხარვეზებიც გამოსწორდება", - ამბობს საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელი ბაქარ ჭეიშვილი.

წერეთლის ქუჩის რეკონსტრუქციაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი (NAT200009623) 2020 წლის ივლისში გამოაცხადა. სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობა 6 940 484 ლარის სანაცვლოდ კომპანია შპს "ბლექ სი გრუპმა" აიღო. სახელმწიფო შესყიდვის გვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, საგზაო დეპარტამენტმა კომპანიას ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის 78% ანუ 5 424 516 ლარი უკვე გადაუხადა, თუმცა, თუ ბაქარ ჭეიშვილს დავუჯერებთ, კომპანიას სულ მცირე 70 000 ლარი ჯარიმის სახით უკვე უკან უნდა ჰქონდეს დაბრუნებული. კომპანიასთან ამ საკითხის გარკვევა ვერ მოვახერხეთ. ხელშეკრულებაში მითითებული არც ერთი ნომერი მოქმედი არ არის.








Print