ახალი ამბები
"ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის" - მიხეილ სააკაშვილი
FaceBook
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომაზე მსჯავრდებულმა სიტყვა მოითხოვა. პროცესის დაწყებამდე სააკაშვილმა უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველოსთვის არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინა ომში იმარჯვეს, საქართველოს ხელისუფლება კი ამ დროს რუსეთს ნეიტრალიტეტზე გაურიგდა.

"მაშინ, როცა უკრაინა იბრძვის, მათ შორის საქართველოსთვის, ესენი (ხელისუფლება) ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის, მზადდება პროვოკაციები ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, რის შემდეგაც, რუსეთი მოგვთხოვს ნეიტრალიტეტს, ესენი გამოაცხადებენ ნეიტრალიტეტს და რამდენიმე თვეში ან წელიწადში საქართველო გახდება რუსეთის ოფიციალური ნაწილი. ეს არის ამათი გეგმა, ამაზე შეთანხმებული და გარიგებულები არიან. ამიტომ, ახლა ამ თაობის ამოცანაა, ეს არ დაუშვას"
, - განაცხადა სააკაშვილმა პროცესზე.

მან საპარლამენტო ოპოზიცია გააკრიტიკა და თქვა, რომ ახლა არ არის ცივილიზებული კითხვა-პასუხის დრო და ერთადერთ საკითხზე, რაზეც მათ უნდა ისაუბრონ, არის მმართველი პარტიის ხელისუფლებიდან წასვლა.

"ჩვენ გვაქვს ისეთი შანსი ამ უახლოეს თვეებში, როგორც არასდროს. უკრაინა ამ ომში იმარჯვებს და ასი წელი აღარ გაიხსნება ასეთი შესაძლებლობების ფანჯარა, ამიტომ, შემდეგი თვეები არის მოქმედების დრო. მე მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, გვეყოთ პარლამენტარობის თამაში, მე არ მოგიწოდებთ, რომ გამოხვიდეთ პარლამენტიდან, არა, იყავით პარლამენტში, მაგრამ ერთადერთ საკითხზე არის აქ სალაპარაკო - როდის მოშორდება (ქართული ოცნება) ხელისუფლებას, სხვა კითხვა-პასუხი არ შეიძლება იყოს", - თქვა სააკაშვილმა.

მან პროცესზე სამძიმარი გამოუცხადა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს და თქვა, რომ სირცხვილია, როცა ერთ-ერთ გარდაცვლილ ქართველზე, ბახვა ჩიქობავაზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

Print