ახალი ამბები
ოდესასთან უკრაინელმა სამხედროებმა მტრის გემი გაანადგურეს
FaceBook
ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების გემი გაანადგურეს.

ოპერატიული შტაბის სპიკერის სერგეი ბრაჩუკის განმარტებით, დილით მტერმა უკრაინის ტერიტორიას ცეცხლი გაუხსნა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში თვითმხილველები წერენ, რომ ოდესის შავ ზღვაში მტრის ორი გემი დაინახეს.

ოკუპანტების მიერ ოდესაში დესანტის გადმოსხმისთვის მზადების შესახებ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა ჯერ კიდევ 13 მარტს ისაუბრა. მტერმა ოდესაში ჯერ სამხედრო ობიექტები დაბომბა, შემდეგ კი მშვიდობიან დასახლებებს შეუტია.

უკრაინაში 26-ე დღეა ომია. ამ ხნის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა არ დაინდეს მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის, ქალები და ორსულები. რუსეთის აგრესიას 100-ზე მეტი ბავშვი ემსხვერპლა. გაეროს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ქვეყანა 3 389 044-მა უკრაინელმა დატოვა, მათი 90% ქალი და ბავშვია.

გაეროს თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინიდან უკვე 3 მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილად, 2 მილიონამდე კი დევნილად იქცა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული ოლქების: დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება. პუტინმა რუსეთის ქმედებებს "სპეციალური ოპერაცია" უწოდა, რომელიც, მისი თქმით, მიზნად ისახავს უკრაინის დემილიტარიზაციას და საშიში ნაციონალისტებისგან მის "გაწმენდას".
Print