ახალი ამბები
ევროკავშირი რუსეთისთვის ნავთობზე ემბარგოს დაწესებას განიხილავს
FaceBook
ევროკავშირმა რუსეთს, შესაძლოა, ნავთობზე ემბარგო დაუწესოს.


ამის შესახებ გამოცემა "როიტერი" წერს. დიპლომატებმა "როიტერს" განუცხადეს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, მათ შორის ლიტვა, ითხოვენ ემბარგოს, როგორც შემდეგ ლოგიკურ ნაბიჯს, ხოლო გერმანია აფრთხილებს მათ, რომ არ იმოქმედონ ძალიან სწრაფად ევროპაში ენერგიის უკვე მაღალი ფასების გამო.

ევროკავშირის მაღალჩინოსნების განმარტებით, იმის გამო, რომ კრემლი არ ცვლის თავის პოზიციებს და არ აპირებს ცეცხლის შეწყვეტას, მზადდება სანქციების მომდევნო, მეხუთე რაუნდი.

"ჩვენ ვმუშაობთ სანქციების მეხუთე რაუნდზე და ბევრი ახალი სახელი იქნება შემოთავაზებული," - ამბობს "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული ოლქების: დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება. პუტინმა რუსეთის ქმედებებს "სპეციალური ოპერაცია" უწოდა, რომელიც, მისი თქმით, მიზნად ისახავს უკრაინის დემილიტარიზაციას და საშიში ნაციონალისტებისგან მის "გაწმენდას".

უკრაინაში 26-ე დღეა ომია. ამ ხნის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა არ დაინდეს მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის, ქალები და ორსულები. რუსეთის აგრესიას 100-ზე მეტი ბავშვი ემსხვერპლა. გაეროს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ქვეყანა 3 389 044-მა უკრაინელმა დატოვა, მათი 90% ქალი და ბავშვია.

გაეროს თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე, 3 მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილად, ხოლო 2 მილიონამდე დევნილად იქცა.


Print