ახალი ამბები
მარიუპოლის საკრებულოს განცხადებით, ოკუპანტებს მოსახლეობა რუსეთში იძულებით მიჰყავთ
FaceBook
ოკუპანტებს მარიუპოლის მცხოვრებლები მათი ნების საწინააღმდეგოდ რუსეთში მიჰყავთ.
ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულოში აცხადებენ. 

"ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მარიუპოლის რამდენიმე ათასი მცხოვრები გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე. ოკუპანტებმა უკანონოდ წაიყვანეს ხალხი ლივობერეჟნის რაიონიდან და სპორტული კლუბის შენობის თავშესაფრიდან, სადაც ათასზე მეტი ადამიანი (ძირითადად ქალები და ბავშვები) იმალებოდა მუდმივი დაბომბვისგან“, აცხადებენ მარიუპოლის საკრებულოში. 

ქალაქის მერის ვადიმ ბიუჩენკოს განმარტებით,  ის სისასტიკე, რომელსაც დამპყრობელი რუსები აკეთებენ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არის ნაცნობი, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომი აქვს  გავლილი. 

"იმას, რასაც დღეს ოკუპანტები აკეთებენ, ნაცნობია უფროსი თაობისთვის, რომელმაც ნახა მეორე მსოფლიო ომის შემზარავი მოვლენები, როდესაც ნაცისტებმა ძალით აიყვანეს ხალხი. ჩვეულებრივ, მარიუპოლი ცეცხლის ქვეშაა მთელი დღე-ღამის განმავლობაში. ხანდახან 30 წუთი სიჩუმეა, მაგრამ შემდეგ ქალაქს ისევ ტანკების, არტილერიის, მრავალჯერადი რაკეტების და (თვითმფრინავის) ბომბდამშენებისა და ვერტმფრენების შეტევა ემუქრება“, - განაცხადა მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ. 

მათი განცხადებით, ყველა დანაშულისთვის და  მშვიდობიანი ხალხის ტაჯვისთვის რუსეთი აუცილებლად  დაისჯება. 

უკრაინა უკვე 25-ე დღეა ებრძვის საკუთარ ტერიტორიაზე შეჭრილს რუსებს. 

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

გაეროს თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკვე 3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილია. 


Print