ახალი ამბები
დავით აღმაშენებლზე ფილმის გადაღებისთვის გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა
FaceBook
დავით აღმაშენებლის შესახებ მხატვრული ფილმის გადაღებასთან დაკავშირებული კონკურსი მესამე ეტაპზე გადავიდა.

კონკურსის მეორე ეტაპზე გასული სამი  პროექტიდან გაიმარჯვა პროექტმა  "დავით აღმაშენებელი" (სამეფო გზა) - რეჟისორი და სცენარის ავტორია ლევან კოღუაშვილი.

კონკურსის დებულების შესაბამისად პროექტის ავტორებმა წარმოადგინეს დეტალური სცენარი დიალოგების გარეშე (ე.წ. თრითმენტი) და ფილმის მხატვართან ერთად შექმნილი ფილმის ვიზუალური პრეზენტაცია.

კოღუაშვილის სცენარის თანაავტორია ბორის ფრუმინი. პროექტში ჩართულნი არიან კონსულტანტები, ისტორიკოსები ზაზა აბაშიძე, მამუკა წურწუმია და ეკა კვაჭანტირაძე, ფოტოგრაფები - გიორგი მაღრაძე და დიმიტრი გომბერგი, მხატვრების ჯგუფი: დამდგმელი მხატვარი - კოტე ჯაფარიძე, კოსტიუმები - ნინო ჩუბინიშვილი, რეკვიზიტი - ვალო იმერლიშვილი, კინოოპერატორი - ფედონ პაპამიქაელი.

სამინისტროს ინფორმაციით სამ კონკურსანტს შორის შერჩეული პროექტის ავტორი აგრძელებს მუშაობას სცენარის დახვეწაზე.

საკონკურსო კომისია მას რეკომენდაციებს აძლევს.

კერძოდ, სცენარის შემდგომი განვითარება გაგრძელდეს დრამატურგების ჩართულობითა და მეცნიერთა კონსულტაციით, რათა დაცულ იქნეს ისტორიული ჩარჩო, ხოლო პერსონაჟების ისტორიულ-ფსიქოლოგიური ტიპაჟები იყოს რეალურობასთან მაქსიმალურად მიახლოებული. 
ასევე მნიშვნელოვანია დავით აღმაშენებლის პიროვნების უფრო ფართოდ გაშლა და მისი ეპოქის გეოპოლიტიკური, რეგიონალური კონტექსტის მეტად წინ წამოწევა.

სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მე-3 ეტაპზე შერჩეული პროექტის ავტორმა სამი თვის ვადაში  სამინისტროს უნდა წარმოუდგინოს სრულყოფილი სცენარის პირველადი ვერსია, რომელსაც კვლავ განიხილავს საკონკურსო კომისია.

კომისიის მსჯელობის შემდეგ კონკურსანტს მიეცემა ერთთვიანი ვადა მე-4 ეტაპის სამუშაოებისათვის, რომლის ფარგლებში სცენარი უნდა დასრულდეს.

სცენარის საბოლოო ვერსიის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება ხელშეკრულება ფილმის წარმოებაში ჩაშვების დეტალებისა და ვადების შესახებ.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, 2021 წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით, გამოცხადდა კონკურსი დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების მიზნით.
Print