ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს საქართველოს ექვს ქალაქში პატივს მიაგებენ
FaceBook
უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი ქართველების - გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას, დღეს საქართველოს ექვს ქალაქში პატივს მიაგებენ.


"დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, მოქალაქეები შეიკრიბებიან თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, სამტრედიასა და ფოთში.

"დავკარგეთ ორი ქართველი მებრძოლი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი. ამ ადამიანებმა სიცოცხლე გაწირეს ჩვენთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი მშვიდობისთვის. მათ საკუთარ თავზე აიღეს თავისუფლების ტვირთი და თავი გაწირეს. ყველაზე მინიმუმი, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, არის მათი ხსოვნის პატივისცემა და მათ ოჯახებზე ზრუნვა"
, - წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.

პარტიის ლიდერი მოქალაქეებს მოუწოდებს საკუთარ თავზე აიღონ ინიციატივა და დააორგანიზონ შეკრება.

ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი პატივის მიგება 15:00 საათზე იგეგმება.

მოქალაქეები შეიკრიბებიან შემდეგ ლოკაციებზე: თბილისი - პარლამენტის წინ; ბათუმი - ერას მოედანი; ზუგდიდი - ზვიად გამსახურდიას ბიუსტი, ცენტრალური ბულვარის ტერიტორია; თელავი - ერეკლე II მოედანი; სამტრედია - გამსახურდიას მოედანი; ფოთი - 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალი.

გია ბერიაშვილი და დავით რატიანი უკრაინაში 18 მარტის ღამეს დაიღუპნენ. გარდაცვლილები ქალაქ ირპენთან, საარტილერიო შეტაკებებში მონაწილეობდნენ. ისინი საარტილერიო დარტყმებს ემსხვერპლნენ. ორივე მებრძოლის ცხედარი ფრონტის ხაზიდან უკვე გამოყვანილია. სამშობლოში მათ გადმოსვენებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, თუმცა, თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

უკრაინაში 24 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

Print