ახალი ამბები
უკრაინის ომის ფონზე, საფრანგეთი და გერმანია შეიარაღების გაზრდაზე საუბრობენ
FaceBook
"ევროპა უნდა მოემზადოს დიდი ომისთვის", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 მარტს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თავისი პროგრამის პრეზენტაციისას.

მაკრონმა შეიარაღების სფეროში ინვესტიციების ზრდის აუცილებლობაზე მიუთითა.

"ჩვენი ძალები ერთადერთი სრულფასოვანი არმიაა ევროპის კონტინენტზე. ჩვენ უნდა გავზარდოთ ინვესტიციები შეიარაღებაში, რომ ვიყოთ მზად მაღალი ინტენსივობის შესაძლო შეიარაღებული კონფლიქტისთვის, რომელიც შეიძლება დაიწყოს ჩვენს კონტინენტზე",
- აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის სენატის თავდაცვის კომიტეტის და საერთაშორისო საქმეების ხელმძღვანელმა კრისტიან კამბონმა კი პირდაპირ ეთერში თქვა, რომ საფრანგეთს, პრაქტიკულად არ გააჩნია სამხედრო საბრძოლო მასალა და რეზერვები.

თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, არსებული რაოდენობა მხოლოდ სამი-ოთხი დღე თუ ეყოფათ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში.

შეიარაღების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს გერმანიაც. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტი თითქმის ორჯერ გაიზრდება.

უკრაინაში 23 დღეა ომია. რუსეთის ფედერაცია 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. განუწყვეტლივ იბომბება უკრაინის ქალაქები და სოფლები. თუმცა, რუსმა აგრესორებმა ვერც ერთი ქალაქის და საკვანძო ობიექტის აღება ვერ მოახერხეს.
Print