ახალი ამბები
„ევროპის გულში ნადგურდება მთელი ერი“ - ზელენსკის მიმართვა ბუნდესტაგს
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ბუნდესტაგს სიტყვით მიმართა.

უკრაინის პრეზიდენტი ბერლინში კიევიდან ონლაინ ჩაერთო. ზელენსკის მთელ სიტყვას გასდევდა ანალოგია ბერლინის კედელთან, რომლის მსგავსსაც, მისი თქმით, ახლა რუსეთი აშენებს. უკრაინის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე უმოქმედობის გამო და განაცხადა, რომ სანქციებმა დაიგვიანა.

"თქვენ ისევ აღმოჩნდით კედლის მიღმა, ევროპის გულში, სადაც თავისუფლებაა. ეს კედელი ძლიერდება ყოველი ყუმბარის აფეთქებით, რომელიც ჩვენს მიწაზე ეცემა, ყოველი თქვენი მიუღებელი გადაწყვეტილების შემდეგ"
.

მან აღნიშნა, რომ "საკმარისი არ არის ისტორიის სწავლა, ისინი პრაქტიკაში უნდა გამოიყენო".

"თქვენ აღნიშნავთ, რომ ჰოლოკოსტი არასდროს უნდა განმეორდეს, მაგრამ ახლა, ევროპის გულში მიდის იმის მცდელობა, რომ განადგურდეს მთელი ერი. რატომ? რა მიზეზით? "

ზელენსკიმ შეახსენა ბუნდესტაგს, რომ უკრაინა ყოველთვის მიიჩნევდა, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2" - იარაღი იყო.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა აუცილებლად შევა ევროკავშირში.

უკრაინის პრეზიდენტმა ბუნდესტაგს მხარში დგომისკენ მოუწოდა.

"მხარში დაგვიდექით, მხარში დაუდექით თითოეულ უკრაინელს. გთხოვთ, დაგვეხმარეთ. დაგვეხმარეთ, შევაჩეროთ ეს ომი".


ვოლოდიმირ ზელენსკი 16 მარტს ამერიკის კონგრესსაც ჩაერთო. მიმართვის დროს იგი ახალი ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოვიდა და თქვა, რომ საჭიროა ახალი კავშირი, პასუხისმგებლიანი ერებისგან შემდგარი გაერთიანება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეჩერდეს ომი უკრაინაში.

უკრაინაში 22 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.



Print