ახალი ამბები
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 108 ბავშვი დაიღუპა
FaceBook
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 16 მარტის ჩათვლით, 108 ბავშვი დაიღუპა.
თავდასხმების შედეგად დაშავდა 120-ზე მეტი ბავშვი.

,,რუსეთის თავდასხმების შედეგად კიევში დაშავდა 52 ბავშვი, ხარკოვში – 34, დონეცკში – 25, ჩერნიგოვში – 24, მიკოლაივში – 20, ჟიტომორში – 15, სუმში – 14 და ხერსონში – 10" - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება შენობების დაზიანებისა და განადგურების შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას.

,,დაბომბვების შედეგად უკრაინაში დაზიანდა 411 საგანმანათლებლო შენობა, მათ შორის, 63 სრულად განადგურდა. დონეცკში დაზიანდა 119 საგანმანათლებლო შენობა, ხარკოვში – 77, მიკოლაევში – 30, სუმში – 28, კიევში – 35, ხერსონში – 21, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 11-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება, საიდანაც 3 სარეაბილიტაციო ცენტრია, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი''- წერს უკრაინის პროკურატურა.

უწყების განმარტებით, მონაცემები ზუსტი არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, გარკვეული ადგილების დათვალიერება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

16 მარტს, გვიან ღამით, ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცებმა იერიში მიიტანეს მარიუპოლში დონეცკის რეგიონულ დრამატულ თეატრზე, რომელსაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. ცოტა ხნის წინ, რადას დეპუტატმა სერგეი ტარუტამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შენობაში თავშეფარებული ადამიანები გადარჩნენ და ისინი ახლა თეატრს ტოვებენ.

უკრაინაში 22 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

16 მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკი, კონგრესისთვის მიმართვის დროს, ახალი ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მან თქვა, რომ საჭიროა ახალი კავშირი, პასუხისმგებლიანი ერებისგან შემდგარი გაერთიანება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეჩერდეს ომი უკრაინაში.
Print
თეგები: #უკრიანა