ახალი ამბები
"გაძლიერებულია კონტროლი სახელმწიფო საზღვარზე" - ვახტან გომელაური
FaceBook
საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ყოველწლიური მოხსენებით გამოდის.

მინისტრმა უკვე ისაუბრა სახელმწიფო საზღვრის დაცულობასთან დაკავშირებით და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე. გომელაურმა თქვა, რომ საზღვარზე კონტროლი გამკაცრებულია და ყველაფერი კეთდება ქვეყანაში უსაფრთხოების დასაცავად.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს, რათა მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მართლწესრიგი და უსაფრთხოება. გაძლიერებულია კონტროლი სახელმწიფო საზღვარზე. მოგეხსნებათ, საზღვარი არც ერთ ქვეყანას არ აქვს 100% -ით დაცული, მათ შორის, არც ჩვენზე დიდ და ძლიერ ქვეყნებს, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ყველა შესაძლო პრევენციულ ღონისძიებას ახორციელებს, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული ჩვენი საზღვარი, როგორც გამტარი, ასევე, ე.წ. მწვანე საზღვარი",
- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში.

მან თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით და თქვა, რომ რუსეთის იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეს, 50 %- ით ნაკლებია 2019 წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან.

"საზღვარზე საუბრისას, მინდა გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2020-2021 წლებში პანდემიის გამო საზღვარი ძირითადად ჩაკეტილი იყო. შევადარებ 2019 წლის და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდებს და მოგახსენებთ, რომ დღეს ეს ციფრი, მაშინდელთან შედარებით, 50 პროცენტით ნაკლებია", - აღნიშნა მან.

შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლა, 22 დღიანი ომის შედეგად უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო.

Print