ახალი ამბები
რა ხდება ომის 22-ე დღეს უკრაინაში
FaceBook
უკრაინის სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას.

საარტილერიო დაბომბვა განხორციელდა კიევის რეგიონში, ბუჩას რაიონში, მაკარივში, ბროვარიშში, ჩერნიგოვში, ხარკოვში, სუმში, ლუგანსკში, დონეცკის მთელს რაიონში, მარიუპოლში, მიკოლაევსა და ხერსონში.

,,დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. მტერი აგრძელებს ქაოსურ დაბომბვებს, იბომბება სახლები, სკოლები, საწყობები, თეატრები, კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლები, რუბიჟნეში 27 საცხოვრებელი სახლი დაიწვა''
, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრძოლა გრძელდება იზიუმის და ჩუგუევის მიმართულებით.

სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხერსონი ამ ეტაპზე ოკუპირებულია რუსი ჯარისკაცების მიერ. მათ არ აქვთ ელექტროენერგია, წყალი და გაზი. რეგიონში მედიკამენტების და პროდუქტების სიმცირეა, ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.


უკრაინაში 22 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

22 დღიანი ბრძოლის შედეგად, უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულია 14 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და განადგურებულია ხუთ მილიარდზე მეტი ღირებულების რუსეთის სამხედრო ტექნიკა. მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსული ავიაცია აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან. ნატო კი ისევ უარს ამბობს უკრაინის ცის დაცვაზე, რადგან ალიანსი რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვას ერიდება.

16 მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკი, კონგრესისთვის მიმართვის დროს, ახალი ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მან თქვა, რომ საჭიროა ახალი კავშირი, პასუხისმგებლიანი ერებისგან შემდგარი გაერთიანება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეჩერდეს ომი უკრაინაში.

Print
თეგები: #უკრაინა