ახალი ამბები
„შეიქმნას პასუხისმგებლიანი ერების ახალი კავშირი, რომელიც შეაჩერებს ომს“ - ზელენსკი
FaceBook

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის კონგრესს მიმართა.

მან იმ დიდი გამოწვევის შესახებ ისაუბრა, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო დგას და რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომი ჰქვია. ზელენსკიმ მოუწოდა ყველას, რომ კიდევ მეტი გააკეთონ საიმისოდ, რომ შეაჩერონ ომი, შეაჩერონ რუსეთის აგრესია, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპას და მთელ მსოფლიოს ემუქრება.

ზელენსკი ახალი კავშირის შექმნის შესაძლებლობასაც შეეხო, რომელიც იქნება უფრო სწრაფი და მოქნილი, ვიდრე ამჟამად არსებული კოალიციებია.

"ვიცით რომ შეიქმნა დიდი ანტისაომარი კოალიცია და მისი წევრი ძალიან ბევრი ქვეყანაა, მაგრამ კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი შესაძლებლობა შევქმნათ, რომ შევაჩეროთ თავდასხმა უკრაინაზე. ისინი (რუსეთი) ფიქრობდნენ, რომ უკრაინაზე თავდასხმა დასრულდებოდა 24 საათში, მაგრამ ეს ომი არ დასრულდა. ჩვენ უნდა შევქმნათ სპეციალური ინსტიტუტები, რომლებიც დაგვიცავენ ომისგან. საჭიროა ახალი ინსტიტუტები, ახალი კავშირები. გთავაზობთ შევქმნათ ახალი ასოციაცია და პასუხისმგებელი ერებისგან შემდგარი კავშირი, რომლებიც გააკეთებენ ყველაფერს, რომ შეაჩერონ ომი. ეს იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, რომელიც იქნება ძალიან სწრაფი საიმისოდ, რომ გადავარჩინოთ მსოფლიო", - აღნიშნა ზელენსკიმ.

სიტყვით მიმართვამდე, ზელენსკიმ კონგრესმენებს ვიდეორგოლი აჩვენა, რომელიც უკრაინაში ომის შედეგებს ასახავდა. ვიდეორგოლის მთავარი მოწოდება იყო: "დაკეტეთ ცა უკრაინის თავზე"!

უკრაინაში 21 დღეა ომი მიმდინარეობს. მეზობელ სახელმწიფოზე თავდასხმის გამო, მსოფლიოს ქვეყნებმა რუსეთს ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაუწესეს.


 

Print