ახალი ამბები
"ოკუპანტებმა ჰუმანიტარულ ავტობუსებს ცეცხლი გაუხსნეს" - უკრაინის ვიცე-პრემიერი
FaceBook
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთმა კვლავ დაარღვია ჰუმანიტარული დერეფნების შეთანხმების საკითხი.

ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსი ოკუპანტები ცეცხლს უხსნიან მშვიდობიან მოქალაქეებს.

"ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსებს, რომლებსაც მშვიდობიანი მოქალაქეები გადაჰყავდათ. იბომბება ის დასახლებული პუნქტები და თავშეყრის ადგილები, საიდანაც მოქალაქეებს ევაკუაცია ხდება. გუშინ ოკუპანტებმა მარიუპოლში საავადმყოფო აიღეს და 400 მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ აიყვანეს. მათ შორის, ექიმები და პაციენტები. ამ ეტაპზე საავადმყოფოს შენობიდან ინტენსიურ სროლებს ახორციელებენ",
- განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

უკრაინაში 21 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

21 დღიანი ბრძოლის შედეგად, უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულია 14 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და განადგურებულია ხუთ მილიარდზე მეტი ღირებულების რუსეთის სამხედრო ტექნიკა. მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსული ავიაცია აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან. ნატო კი ისევ უარს ამბობს უკრაინის ცის დაცვაზე, რადგან ალიანსი რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვას ერიდება.

Print
თეგები: #ვერეშჩუკი