ახალი ამბები
"ბაიდენის დროს შეერთებულმა შტატებმა დაიმორჩილა ევროპა" - სერგეი ლავროვი
FaceBook
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე ისაუბრა.

ოკუპანტი ქვეყნის მინისტრის თქმით, მოლაპარაკებებზე აქტიურად განიხილება უკრაინის ნეიტრალიტეტის სტატუსი და იქ უმცირესობების, მათ შორის, რუსების უფლებები. ლავროვი ადეკვატურს უწოდებს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ ნატოს კარი უკრაინისთვის დაკეტილია, თავად ალიანსს კი უწონებს უკრაინისთვის ცის დაცვაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას.

"მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხია ეროვნული უმცირესობის, მათ შორის, რუსების უფლებების გარანტიები. სხვა საკითხებთან ერთად განიხილება უკრაინის ნეიტრალიტეტის სტატუსიც, თავად ზელენსკიმაც გააკეთა საინტერესო განცხადება, რომ ნატო უარს ამბობს უკრაინის ცის დახურვაზე. ზელენსკის განცხადებები, რომ ნატოში უკრაინას არავინ ელოდება, მოწმობს, რომ კიევში "ადეკვატურობა თავის გზას ადგას. ნატოს უარი კი კიევის თხოვნაზე უკრაინის თავზე ცის დახურვაზე, მიუთითებს იმაზე, რომ ალიანსში ჯერ კიდევ არიან "გონიერი ადამიანები. რუსეთი მზადაა ეძებოს ნებისმიერი გზა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გარდა ნატოს აღმოსავლეთში გაფართოებისა. დასავლეთს არ სურდა მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების სიტუაციის მოგვარება. სამხედრო ოპერაცია ეხება არა იმდენად უკრაინას, არამედ მსოფლიო წესრიგს. ბაიდენის დროს შეერთებულმა შტატებმა დაიმორჩილა ევროპა და დღევანდელი კრიზისი ეპოქალური მომენტია მსოფლიო წესრიგის განსაზღვრაში
" - ამბობს ლავროვი.

ლავროვის თქმით, რუსეთი მზადაა ნებისმიერი უსაფრთხოების საშუალება ეძებოს, გარდა ნატოს გაფართოებისა.

დღეს, უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი უნდა გაიმართოს.

უკრაინაში 21 დღეა ომი მიმდინარეობს.
Print
თეგები: #ლავროვი #ომი