ახალი ამბები
ქუთაისში დარჩენილ უკრაინელ ბავშვებს სახელმწიფო ბაღებში მიიღებენ
FaceBook
უკრაინელ ოჯახებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება დახმარებას სთავაზობს.

მცირეწლოვნების მშობლებს შეუძლიათ თავიანთი შვილები ქუთაისის საბავშვო ბაღებში ჩარიცხონ. "ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება" შესაბამის მზადყოფნას უკვე გამოთქვამს. დაწესებულების ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის თქმით, უკრაინელი ბავშვების ბაღებში ჩარიცხვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ.

"ჩვენთან უკვე არის თხოვნები შემოსული, უკრაინის მოქალაქეებისგან ბავშვების ბაღებში მიღების თაობაზე. განათლების სამინისტროსთან გვაქვს კომუნიკაცია ქუთაისს, ბათუმსა და თბილისს, ანუ იმ დაწესებულებებს, სადაც არის შესული მოთხოვნები. უნდა შევიმუშაოთ რა ფორმით მოხდება ჩარიცხვა და რა თქმა უნდა დავეხმარებით",
- განაცხადა დავით წიტაიშვილმა.

მისი ინფორმაციით, დაწესებულებას ორმა უკრაინულმა ოჯახმა უკვე მიმართა.

უკრაინაში 21 დღეა ომია. რუსი აგრესორები ბომბავენ დიდ და პატარა ქალაქებს, საცხოვრებელ კორპუსებს, ბაღებს, სკოლებსა და სამშობიაროებს.
Print