ახალი ამბები
უკრაინაში რუსული პროპაგანდა დასჯადი ხდება
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, "აგრესორი სახელმწიფოს ქმედებების პროპაგანდისკენ მიმართული საინფორმაციო პროდუქციის დამზადება-გავრცელების აკრძალვის შესახებ".

კანონი მედიასაშუალებებს უკრძალავს რუსეთის ფედერაციის მიერ 2014 წელს განხორციელებული შეიარაღებული აგრესიისა და დროებითი ოკუპაციის უარყოფას, გამართლებას და მის წარმოჩენას სამოქალაქო ომად.

კანონის თანახმად, უკრაინაში იკრძალება რუსეთის ფედერაციის სამხედროების, დაქირავებულების და სხვა თვითაღიარებული პრორუსული ჯგუფების გამართლება/მხარდაჭერა. კანონი ითვალისწინებს გაუქმებას იმ პარტიების და რელიგიური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, რომელთა საქმიანობა მიმართულია უკრაინის დამოუკიდებლობის გაუქმების, კონსტიტუციური წყობის შეცვლის, ტერიტორიული მთლიანობის ან სუვერენიტეტის დარღვევისა და ომის პროპაგანდისკენ.

რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებული აგრესიული ქმედებების გამართლება ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.

2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. რუსმა სეპარატისტებმა ლუჰანსკი და დონეცკი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადეს.

2022 წლის 20 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა.

2022 წლის 24 თებერვალს კი რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო საომარი მოქმედებები.

უკრაინაში 21 დღეა ომი მიმდინარეობს.
Print