ახალი ამბები
უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
FaceBook
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები განახლდა.

მეოთხე რაუნდი ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.

გუშინ, უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე ეტაპი დაიწყო, რომელიც ხუთი საათის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა, შედეგი მიღწეული არ იქნა. შეხვედრაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მხარეებს შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი შედგა, თუმცა, ორივე შეხვედრა, სადაც უკრაინის დელეგაცია ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნას აყენებდა, უშედეგოდ დასრულდა. შეთანხმება არ შედგა არც უკრაინა-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 10 მარტს თურქეთის ქალაქ ანტალიაში, თურქული მხარის შუამავლობით გაიმართა. მხარეები გარკვეულ შეთანხმებებს მხოლოდ ჰუმანიტარულ დერეფნებზე აღწევდნენ, თუმცა, რუსეთის ჯარმა არაერთხელ გაუხსნა ცეცხლი ევაკუაციის მიზნით შეკრებილ მოქალაქეებს. ჰუმანიტარული დერეფნების დროს ათობით უკრაინელი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.

უკრაინაში ოცი დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

20 დღიანი ბრძოლის შედეგად, უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულია 13 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და განადგურებულია ხუთ მილიარდზე მეტი ღირებულების რუსეთის სამხედრო ტექნიკა. მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსული ავიაცია აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან.

უკრაინისთვის ახლა მთავარ პრობლემას წარმოადგენს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები, რის გამოც, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ქვეყნებს საჰაერო სივრცის დაცვას სთხოვს.
Print
თეგები: #უკრიანა