ახალი ამბები
ქუთაისში კოლორიტების საფლავების მასობრივი ძარცვის ფაქტების გამოძიებას მოითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, ქალაქის  სხვადასხვა სასაფლაოდან მოპარული ბიუსტების დაბრუნებას და ამ საქმის მოკლე დროში გამოძიებას ითხოვენ.

ამ მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა.

"იძარცვება ქალაქისა და ქვეყნისთვის შეწირული ადამიანების საფლავები საფიჩხიის, ოღასკურის და მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან. ერთ ღამეში გაქრა უამრავი კოლორიტის ბიუსტი. მიგვაჩნია, რომ ქალაქის თვითმმართველობა, რომლის უშუალო დაქვემდებარაშია სასაფლაოების მართვის ორგანიზება, გულგრილობას იჩენს საქმისადმი. რომ არა ჩვენი საზოგადოების აქტიურობა, საქმის მიჩუმათებასაც ცდილობდნენ მთელი ეს პერიოდი.

ასევე მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არაჯეროვნად, გულგრილად და არასრულფასოვნად ახორციელებს საკუთარ უფლება-მოვალეობებს. მოვითხოვთ, სასწრაფო წესით, პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა პირად კონტორლზე აიყვანონ ეს საქმე და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოახდინონ კრიმინალთა იდენტიფიცირება. ვალდებულებას ვაკისრებთ ყველა იმ ინსტანციას,  ვინც გამქრალი ბიუსტების კონტროლი ვერ მოახდინა. დააბრუნონ ან აღადგინონ კოლორიტების ბიუსტები და თუ ამას ვერ მოხარხებენ, დატოვონ ის თანამდებობები, ასე თავმომწონედ რომ უკავიათ", - ნათქვამია
პეტიციაში, რომელსაც ამ დროისთვის  ხელს 329 მოქალაქე აწერს.

ქუთაისში ბოლო თვეების განმავლობაში საფლავების ქურდობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ერთ ღამეში საფიჩხიის სასაფლაოდან 4 ბიუსტი  მოიპარეს, ხოლო ორი  წასაღებად იყო  გამზადებული.

ბოლოს ქურდობა  ოღასკურის სასაფლაოზე მოხდა, საიდანაც "მეობის" სახელით ცნობილი ქუთაისელი ოსტატის ოთარ სულაბერიძის ბიუსტი მოიპარეს.

ქუთაისში სულ 13 სასაფლაოა, რომლის მოვლა-პატრონობა მერიის დაქვემდებარებაში არსებულ შპს "ქართული ტრადიცები 2011-ს" ევალება, თუმცა, საფლავებს არავინ იცავს. დაწესებულებაში ამბობენ, რომ დაცვის სამსახური საერთოდ არ აქვთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კი ქურდობის არც ერთი ფაქტი არ გამოუძიებია. უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ  ფაქტებზე მოკვლევა მიმდინარეობს.


საფლავების წაბილწვისთვისა და საფლავიდან ნივთის უკანონოდ მისაკუთრებისთვის პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე  მუხლი არეგულირებს. 

1. ცხედრის ან საფლავის წაბილწვა, აგრეთვე საფლავის ძეგლის ან მისი სხვა მიწისზედა ნაგებობის დანგრევა ან დაზიანება; 

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. საფლავში ჩატანებული ან საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;

გ) ძალადობით ან ძალადობის მუქარით, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

Print