ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს
FaceBook
საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის.


მმართველ პარტიას პრეზიდენტის გადაცდომები და "დანაშაულებები" მისი გუშინდელი კრიტიკული გამოსვლის შემდეგ გაახსენდა.

"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებაში წერია, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც მთავრობის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება.

"საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა. შესაბამისი აქტი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოიცემა, ამგვარ აქტზე კი, კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ მთავრობას ეკისრება. ეს ნიშნავს, რომ ელჩის განწესების მატერიალურ უფლებამოსილებას კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს, პრეზიდენტს კი ამ სფეროში მხოლოდ სამართლებრივი და ცერემონიული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული.

ამასთან, თანახელმოწერის დათქმაც რომ არ იყოს დადგენილი, ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში ელჩის დანიშვნის უფლებამოსილება სწორედ ამ სახით განიმარტება - პრეზიდენტი ელჩებს ფორმალურად ნიშნავს, მათ შერჩევაზე კი, პოლიტიკურ-პრაქტიკული თვალსაზრისით, მთავრობაა პასუხისმგებელი. გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება.

გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს", - წერია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

მმართველ პარტიას თავის განცხადებაში ვრცლად აქვს მოყოლილი სხვა დანარჩენი "დანაშაულებები" და გადაცდომები, რომელსაც მთავრობისვე მტკიცებით, დიდი ხანია პრეზიდენტი ჩადის, თუმცა, ფაქტია, რომ მმართველი გუნდი რეალურად 14 მარტს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის ტექსტმა გააღიზიანა, სადაც პრეზიდენტმა ხელისუფლებას უთხრა, რომ ქართველი ხალხი მათზე უფრო ფხიზელი, მტკიცე და ერთიანია.

"გუშინ, ჩვენ ასევე მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის რამდენიმე გაუგებარი განცხადება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მათ შორის, ერთ-ერთი "გამორჩეული" იყო შემდეგი ფრაზა - "ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს". ამასთან, ამგვარი შეურაცხმყოფელი ფრაზის მიღმა, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობს ხელისუფლების გაუბედავ და უღირს მოქმედებაში.
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მკაფიო პოზიცია გამოხატა ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და რუსული აგრესიის მიმართ რეაგირებას უკავშირდებოდა - იქნებოდა ეს ევროსაბჭოში რუსეთისთვის წევრის სტატუსის შეჩერება, გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობა, ჰააგაში შეტანილი საჩივრის თანაავტორობა თუ სხვა. თუ პრეზიდენტი გულისხმობს იმას, რომ საქართველო სანქციებს უნდა მიერთებოდა და ომში უნდა ჩართულიყო, კეთილი ინებოს, თავად გამოიჩინოს გამბედაობა და ეს ღიად თქვას", - ნათქვამია განცხადებაში.

"ქართული ონების" პოლიტსაბჭო მოუწოდებს პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუცია კარგად წაიკითხოს და შემდეგ გაიაზროს "საპარლამენტო რესპუბლიკის არსი, რომლის დამკვიდრებაში მას, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, 2017 წელს უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული".

სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოში 14 მარტს წარსდგა. მან თავის გამოსვლაში როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიცია მწვავედ გააკრიტიკა.



Print