ახალი ამბები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
FaceBook
ევროკავშირი ოკუპანტ რუსეთს სანქციების ახალ პაკეტს უწესებს.

წინასწარი ინფორმაციით, სანქციების რიგით მეოთხე პაკეტის ფარგლებში, რუსეთს ევროკავშირის ბაზრის უდიდესი მომხმარებლის სავაჭრო სტატუსი ჩამოერთმევა. სადამსჯელო ღონისძიებები მოიცავს რუსეთიდან რკინისა და ფოლადის, ასევე, 50 000 ევროზე მეტი ღირებულების ავტომანქანების იმპორტის აკრძალვას.

სანქციები დაეკისრება საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მფლობელს რომან აბრამოვიჩის და კიდევ 14 პირს, რომლებიც დიდ კაპიტალს ფლობენ.

უკრაინაში შეჭრის გამო, აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთს უმძიმესი სანქციები დააკისრეს, რის გამოც რუსეთის ეკონომიკა რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. აგრესორი სახელმწიფოს ბაზარს ყოველდღიურად ტოვებენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები, ტანსაცმლისა და ტექნიკის ბრენდები და ფინანსური ინსტიტუტები. რუსეთს აღარ აქვს წვდომა საერთაშორისო ბანკთაშორის სისტემა SWIFT - ზე, 50%-ით გაუფასურდა რუსული რუბლი, რუსეთის მოქალაქეებისთვის რუსული ბანკებიდან უცხო ვალუტაში თანხის გატანაზე ლიმიტი დაწესდა. აშშ-მ ამერიკაში რუსული გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტი აკრძალა. რუსულ ენერგომატარებლებზე ემბარგოს დაწესება დააანონსეს ევროპის სახელმწიფოებმაც.

სანქციებით შეშინებული რუსეთის მოქალაქეები თავს საქართველოს აფარებენ და აქ ცდილობენ თავიანთი ბიზნესის გადმოტანას, ხელისუფლება კი ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
Print