ახალი ამბები
„ხელისუფლება ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ღირსება გვკარნახობს“
FaceBook
პრეზიდენტმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ხელისუფლებას მეტი გაბედულებისკენ მოუწოდა.


სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ღია მხარდაჭერა უკრაინის მისამართით.

"ხელისუფლება სცოდავს, როდესაც ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. ამას გამართლება არა აქვს. სიფრთხილის თუ შიშის ვერც ერთი არგუმენტი ვერ ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს",
- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

პრეზიდენტმა ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამოც, რომ ევროკავშირის წევრობის განაცხადზე ერთობლივი ხელმოწერა არ არის და მმართველი გუნდი საკუთარ თავშია ჩაკეტილი.

"ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნის ისტორიული განაცხადი ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარსდგა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ, არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა. ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებასა თუ გასაჯაროებაში".

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოება ხელისუფლებაზე ბევრად მამაცია.

"საზოგადოება თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანი. დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა, თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ", - თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგა. იგი საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ანდრეი კასიანოვთან ერთად მივიდა. პრეზიდენტი საპარლამენტო ტრიბუნიდან საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის საკითხს შეეხო და თქვა, რომ ის არ დაუშვებს უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის უთანხმოებას, რის შემდეგაც, მან უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა დააბრუნოს ელჩი საქართველოში.



Print