ახალი ამბები
"თუ ახალ შესაძლებლობებს მზადყოფნაში არ დავხვდებით, ეს დრო აღარ დაბრუნდება"
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სიტყვით გამოდის.

წლიურ მოხსენების წარდგენისას პრეზიდენტმა უკრაინის ომის ფონზე, საქართველოსთვის არსებულ გამოწვევებსა და ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ომს მოაქვს ახალი შესაძლებლობები, რა დროსაც საჭიროა ქვეყნის ერთიანობა, რასაც ის ვერ ხედავს ხელისუფლებსა და ოპოზიციაში. სალომე ზურაბიშვილმა მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ხალხისგან განსხვავებით, რომელიც ხვდება ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიული მომენტის დადგომას, ხელისუფლებას ჯერ არ გაუღვიძია.

"უკრაინის ბრძოლა, უკვე წარმატებულია, რამეთუ ამ მოვლენებმა მსოფლიოს თვალი გაახელინა და გამოაფხიზლა. უკრაინის დამსახურებაა ერთიანი საერთაშორისო სოლიდარობა, ევროკავშირის არნახული ერთსულოვნება და სიმტკიცე, ამერიკის და ევროპის ერთობლივი მოქმედები. ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე, რომლებიც, შესაძლოა, ხვალ უფრო მწვავე გახდეს, თუმცა, როგორც სჩვევია ისტორიას, კრიზისებს და ომებს ახალი შესაძლებლობები მოაქვს. ამ ახალ გზაზე საქართველომ თავისი ადგილი სწორედ ახლა უნდა დაიმკვიდროს, უნდა გვესმოდეს რა ხდება, გავიაზროთ და მოვემზადოთ ყველა შესაძლო შესაძლებლობისთვის და არა პასიურად ვისხდეთ და ველოდოთ მომავალი რას დაგვახვედრებს. დრო აღარ ითმენს, თუ ახალ შესაძლებლობებს მზადყოფნაში არ დავხვდებით, ეს დრო აღარ დაბრუნდება. ამიტომ, ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის და ვერ შევეგუები იმას, რომ ამ გზაგასაყარზე კინკლაობის მტრობისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ, ყველა აქ შეკრებილნი ივიწყეთ იმას, რაც ასახულია ჩვენ გერბზე: - "ძალა ერთობაშია". საზოგადოება კი თქვენზე ბევრად ფხიზელი, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია ერთიანი. ჩვენ ვხედავთ, რომ ერში ეროვნული თანხმობის ნიშნებმა უკვე გაიღვიძა, რასაც თქვენში ვერ ვხედავთ. ნუთუ არ გესმით რა პასუხისმგებლობა გეკისრებათ ქვეყნის წინაშე"?
- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ანდრეი კასიანოვთან ერთად მივიდა. სიტყვით გამოსვლისას, მან ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა დააბრუნოს ელჩი საქართველოში. 

Print