ახალი ამბები
ომის მეცხრამეტე დღე - რა ხდება უკრაინაში
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ცნობით, გასულ ღამეს კიევის რეგიონებში ოკუპანტებთან რთული ბრძოლები მიმდინარეობდა.

მთელი ღამის განმავლობაში, თითქმის ყველა რეგიონში განგაშის ხმა ისმოდა.

ადმინისტრაციის ცნობით, რუსული ტექნიკის მოძრაობა დაფიქსირდა ბოროშივსკის, კალიტაინსკის, ველიკოდიმერსკისა და კალინოვსკის დასახლებებში. რუსეთის ავიაციამ ღამით სამი საჰაერო თავდასხმა განახორციელა.

,,დაზარალებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება, ქალაქი ამ დროისთვის ელექტროენერგიის, წყლის და გაზის გარეშეა დარჩენილი'', - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საცხოვრებელი სახლი კიევში, დაბომბვის შემდეგ

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟიტომირის რაიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად შვიდი შენობა დაინგრა და ხუთი სახლი დაზიანდა, რა დროსაც ოთხი ადამიანი დაშავდა.

,,ხარკოვის რაიონი მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა. ამ დროისთვის, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია. ბრძოლა გაიმართა იზიუმის მიმართულებით, აქ ოკუპანტების ძალა თანდათან სუსტდება'' - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

რივნეს რაიონში ოკუპანტებმა დააზიანეს სატელევიზიო ანძა, რის გამოც, რეგიონში მედიასაშუალებები არ მუშაობენ.

ლუგანსკის რაიონში ოკუპანტებმა დააზიანეს 18 საცხოვრებელი კორპუსი, ცეცხლი გაუხსნეს ქარხანას, არიან დაზარალებულები. უკრაინულმა მხარემ ოლქიდან 1600 ადამიანის ევაკუაცია მოახერხა.

მიკოლაევის ოლქს ოკუპანტები მთელი ღამის განმავლობაში ესხმოდნენ თავს, ამ დროისთვის დგინდება დაზარალებულთა რაოდენობა. აფეთქება იყო ხერსონშიც.

დღეს უკრიანაში 14 მიმართულებით ჰუმანიტარული დერეფნები იხსნება.

უკრაინაში ცხრამეტი დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

19 დღიანი ბრძოლის შედეგად, უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულია 13 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და განადგურებულია ხუთ მილიარდზე მეტი ღირებულების რუსეთის სამხედრო ტექნიკა. მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსული ავიაცია აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან. სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება გარდაცვლილი სამოქალაქო პირების შესახებ. გაეროს ინფორმაციით, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულია უკრაინის 500-ზე მეტი მოქალაქე, ოფიციალური უკრაინის ცნობით კი გარდაცვლილა რიცხვი გაცილებით მეტია.

უკრაინისთვის ახლა მთავარ პრობლემას წარმოადგენს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები, რის გამოც, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ქვეყნებს საჰაერო სივრცის დაცვას სთხოვს.



Print
თეგები: #უკრიანა