ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრში ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი დაინიშნა
FaceBook
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ყავს.


რეჟისორი გიორგი თავაძე სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. მან ამ თანამდებობაზე რეჟისორი კოტე აბაშიძე შეცვალა.

კლუტურის სამინისტრომ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა.

ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ორჯერ იყო გამოცხადებული. პირველად კონკურსანტების მიღება 2021 წლის 8 დეკემბერს დაიწყო, თუმცა 2022 წლის 4 თებერვალს ჩაიშალა, ხოლო განმეორებით კონკურსი 2022 წლის 15 თებერვალს გამოცხადდა.

სამინისტროს ინფორმაციით, განმეორებით კონკურსში ორი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. მათი კანდიდატურები კულტურის მინისტრის მიერ განსახილველად წარედგინა სარეკომენდაციო საბჭოს, რომელმაც კენჭი უყარა ორივე კანდიდატურას და ხმათა საკმარისი რაოდენობა მიიღო გიორგი თავაძემ. შესაბამისად, სარეკომენდაციო საბჭომ მინისტრს დასანიშნად გიორგი თავაძის კანდიდატურა წარუდგინა.

გიორგი თავაძეს განათლება მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, მიხეილ თუმანიშვილისა და გიზო ჟორდანიას ხელმძღვანელობით. სხვადასხვა წლებში იყო დამდგმელი რეჟისორი გორის გ. ერისთავის სახელობის თეატრში, მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, ს. ახმეტელის სახელობის თეატრში, კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო თეატრში, ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის თეატრში, ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში და სხვ.

2013 წელს, თეატრალურმა საზოგადოებამ მას "წლის საუკეთესო რეჟისორის" ტიტული მიანიჭა ახმეტელის თეატრის სცენაზე დადგმული სპექტაკლისთვის "მაგიის საოცრებანი".


რეჟისორი კოტე აბაშიძე მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 2017 წლიდან იყო.
Print