ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრმა უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა
FaceBook
მესხიშვილის თეატრის ინიციატივით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.


აქციაში მსახიობები და მესხიშვილის თეატრის მაყურებლებიც ჩაერთნენ.

"როგორც მთელი ქვეყანაა მზადა დაეხმაროს მოძმე უკრაინას, მესხიშვილის თეატრიც ჩართულია ამ პროცესში. გვინდა ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ მხარდაჭერაში. ამ აქციაში ჩართულები არიან როგორც მსახიობები, ისე მაყურებლებიც", -
აღნიშნა მესხიშვილის თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა. მისივე თქმით, ყოველდღიური კონტაქტი აქვთ უკრაინის ქალაქ ვინიცის დამეგობრებული თეატრის წარმომდგენლებთან.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჰუმანიტარული დახმარებისა და აქტიური კომუნიკაციის პარალელურად, მესხიშვილის თეატრი ერთ-ერთი ბოლო იყო, რომელიც "თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო"ასოციაციის მიერ უკრაინის მიმართ გაკეთებულ სოლიდარობის განცხადებას შეუერთდა. ტექსტს ხელს 70-მდე თეატრი და სახელოვნებო ორგანიზაცია აწერდა. თავის მხრივ, ასოციაციამაც ეს მხარდამჭერი განცხადება უკრაინაში ომის დაწყებიდან მე-15 დღეს გააკეთა.

"უკრაინას სოლიდარობა ჩვენ გამოვუცხადეთ ცალკე, როგორც დამოუკიდებელმა თეატრმა. ასოციაციამ როცა გადაწყვიტა, მაშინ გადაწყვიტა მხარდაჭერის გამოხატვა. ცალკეული მსახიობები და პიროვნებები ომის დაწყების დღიდან გამოვხატავდით სოლიდარობას. გუშინაც, სპექტაკლის დაწყების წინ გამოვედით და ვთქვით, რომ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და სპექტაკლიც მათ ეძღვნება", - აღნიშნა თეატრის დირექტორმა.

თეატრში შეგროვებული ტვირთის პირველი ნაწილი ქუთაისის ტურიზმის ცენტრში გადაიტანეს, სადაც უკრაინელი ხალხისთვის გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარება გროვდება.
Print