ახალი ამბები
რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში მეჩეთზე იერიში მიიტანეს
FaceBook
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ მარიუპოლში დაიბომბა მეჩეთი, სადაც 80 ადამიანი აფარებდა თავს, მათ შორის ბავშვებიც.

უწყების ინფორმაციით, მეჩეთს თავს აფარებდა თურქეთის მოქალაქეებიც.

"რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაბომბეს სულთან სულეიმანისა და მისი ცოლის როქსანას (ჰიურემ სულთანი) სასახლე. 80-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები და თურქეთის მოქალაქეები აფარებდნენ თავს მეჩეთს" -
წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, ამ დროისთვის მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების კოლონა მიემართება. ქალაქი გაზის, ელექტროენერგიის და წყლის გარეშეა დარჩენილი.

"მწვანე დერეფანი ღიაა. ჰუმანიტარული კოლონა ზაპოროჟიედან მარიუპოლში გაემგზავრა. 90 ტონაზე მეტი საკვები და წამალი მიდის ქალაქში, რომელიც 11 დღეა ალყაშია",- წერია მარიუპოლის საკრებულოს გვერდზე.

უკრაინაში მეჩვიდმეტე დღეა ომია. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. სამხედრო თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუჰანსკისა და დონეცკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.


Print
თეგები: #უკრიანა