ახალი ამბები
ომის დროს თავდაცვითი ბუნკერები ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში 20-ზე მეტი ბუნკერი, ანუ, როგორც მას უწოდებდნენ, სამოქალაქო თავდაცვითი ნაგებობაა.


ომის შემთხვევაში მოქალაქეებს ამ ნაგებობებში უნდა შეეფარებინათ თავი. ისინი გასული საუკუნის 50-იან წლებში, საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის ცივი ომი დაწყების პერიოდში აშენდა. მაშინ ქვეყნები ბირთვული ომის საშიშროების წინაშე იდგნენ.

სამოქალაქო თავდაცვითი ნაგებობა ქუთაისში სხვადასხვა წერტილში, თითქმის ყველა ქარხნის ტერიტორიაზე, რკინიგზის სადგურთან და სხვა ადგილზე იყო მოწყობილი. დაწესებულებებსა და სკოლებში წელიწადში რამდენიმეჯერ სპეციალური სწავლებებიც ტარდებოდა თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით თავდასხმის შემთხვევაში.

"მახსოვს, 80-იან წლებში სკოლაში სწავლება ჩაგვიტარდა. განგაშივით სიგნალი ჩაირთო, მასწავლებელმა დაგვაწყო და ორგანიზებულად გაგვიყვანა გარეთ, სადაც ბუნკერივით რაღაც სამალავი იყო. ეს სულ ერთხელ მოხდა. როგორც ჩანს, აღარ იყო ისე აქტუალური ბირთვული თავდასხმის თემა", - იგონებს ქუთაისელი კარლო გელენიძე.

დღეს ყველა ეს ნაგებობა მიტოვებულია და მათზე ათწლეულებია არავის უზრუნია.

ერთ-ერთი ბუნკერი თოჯინების თეატრის მიმდებარედ არის განთავსებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, თავშესაფარი საკმაოდ გრძელია და იგი რამდენიმე მიმართულებით იშლება. ბუნკერი მოუვლელია. შესასვლელი ნარჩენებით არის ჩაკეტილი.

სრული ანტისანიტარიაა რკინიგზის სადგურის მახლობლად განთავსებულ ბუნკერშიც.

ხოლო, საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებული თავდაცვითი ნაგებობა "კარფურის" მშენებლობას შეეწირა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მშენებლობის დროს ბუნკერის დანგრევა უნდოდათ, მაგრამ ძვრაც ვერ უყვეს, ამიტომ მიწით გადაფარეს.

ქუთაისიპოსტი შეეცადა გაერკვია ვის დაქვემდებარებაშია აღნიშნული ნაგებობები.

ქუთაისის მერიამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან გადაგვამისამართა. იგივე უწყებაზე მიგვითითა თავდაცვის სამინისტრომაც. სამსახურმა, ორდღიანი ლოდინის მიუხედავად, არ გვიპასუხა არის თუ არა მათ დაქვემდებარებაში ქუთაისში არსებული თავშესაფრები.
Print