ახალი ამბები
რა ხდება უკრაინაში - ომის მეთექვსმეტე დღე
FaceBook
"რუსი ოკუპანტები დემორალიზებულები არიან და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან" - ასეთია უკრაინის გენერალური შტაბის ბოლო ცნობები ფრონტიდან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსები ახორციელებენ ჯარების გადაჯგუფებას, უსაფრთხოების აღდგენას, რაკეტების, საბრძოლო საწვავის და საბრძოლო მარაგის შევსებას, მნიშვნელოვანი დანაკარგის გამო, ახდენენ რეზერვების ფორმირებას.

,,რუსული ჯარი ცდილობს უკრაინის თავდაცვის გარღვევას კუხარის, ჟოვტნევას, ანდრეევკას, კოპილოვის, მოტიჟინის, ბუზოვას, გორენიჩის, ბუჩასა და დემიდოვას მიმართულებით. ცდილობს კიევის ბლოკირებას'',
- ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
ოკუპანტები ძალების მობილიზებას ახდენენ მარიუპოლისა და სევეროდონეცკის მიმართულებით, ცდილობენ საზღვრების გამაგრებას ჩრდილო ბუზსკის მხარეს და ამ გზით ქალაქ ნიკოლაევაზე კონტროლის დამყარებას, იქიდან კი ზაპოროჟიეს და კრივოი როგის მიმართულებით თავდასხმის განხორციელებას. უკრაინის გენშტაბი არ გამორიცხავს მტრის გადაადგილებას ბროვარისკენაც.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე 12 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა.

ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:

ტანკი - 353 ერთეული;

ჯავშანტექნიკა - 1 165 ერთეული;

საარტილერიო სისტემა - 125 ერთეული;

MLRS -58 ერთეული;

საჰაერო თავდაცვის სისტემა — 31 ერთეული;

თვითმფრინავი - 57 ერთეული;

ვერტმფრენი - 83 ერთეული;

საავტომობილო ტექნიკა - 558;

გემები/ნავები - 3 ერთეული.

უკრაინაში მეთექვსმეტე დღეა ომია. იბომბება ქვეყნის ათეულობით ქალაქი, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა. 9 მარტს, რუსეთის ავიაციამ ქალაქ მარიუპოლში საავადმყოფო და სამშობიარო დაბომბა, რა დროსაც სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ერთი ბავშვი. უკრაინული მხარის ცნობით, სამხედრო ოპერაციების შედეგად დაღუპულია 500-მდე სამოქალაქო პირი.
Print
თეგები: #უკრაინა #ომი