ახალი ამბები
"მორიგი გამარჯვებაა" - იუსტიციის სამინისტრო ჰააგის მიერ ორდერების გაცემაზე
FaceBook
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ჰააგის გადაწყვეტილებას აგვისტოს ომის საკითხზე, რომელიც სამი ოსი მაღალჩინოსნის დაპატიმრებას ითვალისწინებს, მორიგ გამარჯვებად აფასებს.

სამინისტროს განცხადებით, ჰააგის სასამართლომ 14 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, გამოიტანა განაჩენი და ქართული მხარე მზადაა ითანამშრომლოს სასამართლოსთან.

"ეს იყოს ისტორიული გადაწყვეტილება, მორიგი გამარჯვება. ამ პირებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები საქართველოს მიმართ, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების აქტიური თანამშრომლობის შედეგია. პროკურორის ოფისის მიმართვა დაპატიმრების ორდერების გამოცემის თაობაზე, კონკრეტულად უკავშირდება რუსეთის მიერ ოკუპაციის პირობებში, ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის უკანონო დაკავების, არაადამიანური მოპყრობის, მძევლად აყვანისა და შემდგომი უკანონო გადაადგილების ფაქტებს. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მსგავსად, ჰააგის სასამართლოს პროკურორიც პირდაპირ აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ'',
- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც, ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა საქართველოში აგვისტოს ომთან დაკავშირებით პირველი დაპატიმრების ორდერი გასცა.

დაკავების ორდერი გამოწერილია აგვისტოს ომში მონაწილე სამ მაღალჩინოსანზე:

,,გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე; გამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი გამოძიებით მოცულ პერიოდში; დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში გამოძიებით მოცულ პერიოდში"

პროკურორის თქმით, სამივე პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება წამების, არაადამიანური მოპყრობის, უკანონო პატიმრობის, პირადი ღირსების შეურაცხყოფისა და მძევლების აყვანისთვის.

2008 წლის რვა აგვისტოს, რუსეთი საქართველოს თავს დაესხა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.
Print
თეგები: #agvistos omi #iusticiis saminsito