ახალი ამბები
ჰააგის სასამართლომ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, დაკავების ორდერები გასცა
FaceBook
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა საქართველოში აგვისტოს ომთან დაკავშირებით პირველი დაპატიმრების ორდერი გასცა.

დაკავების ორდერი გამოწერილია აგვისტოს ომში მონაწილე სამ მაღალჩინოსანზე:

,,გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;  გამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი გამოძიებით მოცულ პერიოდში; დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში გამოძიებით მოცულ პერიოდში"


პროკურორის თქმით, სამივე პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება წამებისთვის, არაადამიანური მოპყრობისთვის, უკანონო პატიმრობისთვის, პირადი ღირსების შეურაცხყოფისთვისა და მძევლების აყვანისთვის.

2008 წლის რვა აგვისტოს,  რუსეთი საქართველოს თავს დაესხა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.
Print