ახალი ამბები
,,ჩვენ გვინდა უკრაინა იყოს ნეიტრალური ქვეყანა'' - ლავროვი
FaceBook
ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთს სურს ნატოს გაფართოების შეწყვეტა.

ლავროვმა ამის შესახებ, უკრაინელ კოლეგასთან გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს სურს უკრაინა ნეიტრალური ქვეყანა გახდეს, თუმცა, ამას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელს უშლის.

,,ჩვენ გვინდა უკრაინა იყოს ნეიტრალური ქვეყანა, ეს პრეზიდენტმა პუტინმა მრავალჯერ განაცხადა, ჩვენ მოვითხოვთ ნატოს გაფართოების შეწყვეტას. ჩვენ მზად ვართ უკრაინის სახელმწიფოების გარანტიები განვიხილოთ, ისევე, როგორც ბელორუსის და იქიდან გამომდინარე, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს და აკეთებს, ჩვენ ეს  ოპტიმიზმის საშუალებას  გვაძლევს'
', - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრა უარყო და თქვა, რომ უკრაინამ, მრავალჯერადი გაფრთხილება იმის შესახებ, რომ არსებული ვითარება რუსეთისთვის საფრთხეს ქმნიდა, არ გაითვალისწინა.

,,სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ ვგეგმავთ, არც უკრაინას დავსხმივართ თავს. ჩვენ, უბრალოდ, არაერთხელ ავუხსენით უკრაინას, რომ შეიქმნა სიტუაცია, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას. ჩვენი მრავალწლიანი შეხსენებების, შეგონების, მოწოდებების მიუხედავად, არავინ მოგვისმინა'',
- თქვა ლავროვმა.

ლავროვის განცხადებით, პუტინი უარს არ ამბობს უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, თუმცა ამის საჭიროება დღეს არ დგას.

რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირი ასევე შეეხო რუსეთის დღევანდელ ეკონომიურ მდგომარეობას და თქვა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ დასავლეთის ქვეყნებზე დამოკიდებული არ იყოს.

უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ერთმანეთს თურქეთის ქალაქ ანტალიაში შეხვდნენ, თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა.

უკრაინაში მეთხუთმეტე დღეა ომია. იბომბება ქვეყნის ათეულობით ქალაქი, იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა. 9 მარტს, რუსეთის ავიაციამ ქალაქ მარიუპოლში საავადმყოფო და სამშობიარო დაბომბა, რა დროსაც სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ერთი ბავშვი. უკრაინული მხარის ცნობით, სამხედრო ოპერაციების შედეგად დაღუპულია 500-მდე სამოქალაქო პირი.

უკრაინაში შეჭრის გამო ამერიკამ და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა რუსეთს მძიმე ეკონომიკური სანქციები დაუწესეს, თუმცა, ამ დრომდე დაუცველია უკრაინის ცა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ დრომდე უშედეგოდ მოუწოდებს მსოფლიოს, დაიცვან უკრაინის ცა რუსეთის ავიაიერიშებისგან ან გადასცენ უკრაინას თვითმფრინავები, რათა მათ თავად უზრუნველყონ საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება.

კიდევ რა განცხადებები გაკეთდა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნახეთ აქ
Print