ახალი ამბები
"დაკეტონ ცა რუსული თვითმფრინავებისთვის, ან ჩვენ მოგვცენ ისინი" - ზელენსკი
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისევ ითხოვს რუსული ავიაიერიშებისგან დაცვას.

მან 9 მარტის მიმართვაში მსოფლიო ლიდერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა შეაჩერონ პუტინის მკვლელი ომი და დახურონ უკრაინის ცა, ან გადასცენ თვითმფრინავები უკრაინულ მხარეს, რათა მათ თავად შეძლონ საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა.

"ევროპელებო, თქვენ ვერ შეძლებთ იმის თქმას, რომ არ გინახავთ ის, რაც ხდებოდა უკრაინაში. თქვენ ეს ყველაფერი იცით, თქვენ ეს ყველაფერი დაინახეთ. სანქციები იმ დონეზე უნდა გაამკაცროთ, რომ მათ ამ გენოციდის გაგრძელება ვერ შეძლონ. ისეთი ზეწოლა უნდა მოახდინოთ რუსეთზე, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან შეაჩერონ ეს სიმხეცე. ყველა ხერხით ვცდილობთ მსოფლიო ლიდერებს გავაკეთებინოთ ის, რაც მათ შემოჭრის პირველ დღესვე უნდა გაეკეთებინათ. ან დაკეტონ ცა რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის, ან მოგვცენ თვითმფრინავები ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად. მათი სიჩუმე მკვლელობის ტოლფასია",
- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვისას მარიუპოლში საავადმყოფოსა და სამშობიაროს დაბომბვაზეც ისაუბრა და მას "სიმხეცეზე მეტი" უწოდა.

"ჩვენ ამას არც ლუჰანსკის და არც დონეცკის ოლქში და არც ერთ ქალაქში არასდროს ჩავიდენდით, რადგან ჩვენ ადამიანები ვართ, და თქვენ"? - მიმართა მან რუსეთს.

9 მარტს რუსულმა ავიაციამ მარიუპოლში საავადმყოფო და სამშობიარო დაბომბა. ავიაიერიშის შედეგად განადგურებულია შენობები. დაშავდა 17 ადამიანი.


უკრაინაში მეთხუთმეტე დღეა ომია. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. სამხედრო თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუჰანსკისა და დონეცკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

ომის დაწყების დღიდან, უკრაინის პრეზიდენტი ცივილიზებული სამყაროსგან დახმარებას და პუტინის შეჩერებას ითხოვს. უკრაინაზე თავდასხმის გამო, ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს, რის შედეგადაც, რუსეთის ეკონომიკა უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა. აგრესორი სახელმწიფოს ბაზარს ყოველდღიურად ტოვებენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები, ტანსაცმლისა და ტექნიკის ბრენდები და ფინანსური ინსტიტუტები. რუსეთს აღარ აქვს წვდომა საერთაშორისო ბანკთაშორის სისტემა SWIFT - ზე, თითქმის 50%-ით გაუფასურდა რუსული რუბლი, რუსეთის მოქალაქეებისთვის რუსული ბანკებიდან უცხო ვალუტაში თანხის გატანაზე ლიმიტი დაწესდა. 8 მარტს, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის მთავარ არტერიაზე დარტყმის შესახებ გამოაცხადა და ამერიკაში რუსული გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტი აკრძალა. რუსულ ენერგომატარებლებზე ემბარგოს დაწესება დააანონსეს ევროპის სახელმწიფოებმაც.

პარალელურ რეჟიმში, უკრაინას სამხედრო შეიარაღებას აწვდიან აშშ და ევროპის სახელმწიფოები, თუმცა, ზელენსკი ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვას რუსული იერიშებისგან.
Print