ახალი ამბები
"ნუ გაავრცელებთ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ უკრაინას იარაღს აწვდიან"
FaceBook
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ იმ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების მიერ უკრაინელების იარაღით დახმარებას შეეხება.


მისი განცხადებით, აღნიშნულმა შეიძლება უკრაინის ინტერესები დააზიანოს და შედეგებზე ნეგატიურად აისახოს.

"ყველას ვთხოვთ, ნუ გაავრცელებთ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ გარკვეული ქვეყნები ჩვენ სახელმწიფოს იარაღს აწვდიან. გთხოვთ, თავი შეიკავოთ ამაზე კომენტარისგან, დაუტოვეთ ამ თემებზე საუბრის უფლება ექსკლუზიურად ჩინოვნიკებს. მესმის ხალხის სურვილი კარგი ამბების გაზიარების, მაგრამ ზოგჯერ ეს ქმნის საინფორმაციო ფონს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს შედეგზე. მტერმა არ უნდა იცოდეს რა მოელის. დაე, ეს იყოს სასიამოვნო სიურპრიზი მისთვის",
- წერს სოციალურ ქსელში უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

უკრაინაში მეთოთხმეტე დღეა ომია. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. სამხედრო თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუჰანსკისა და დონეცკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

ომის დაწყების დღიდან, უკრაინის პრეზიდენტი ცივილიზებული სამყაროსგან დახმარებას და პუტინის შეჩერებას ითხოვს. უკრაინაზე თავდასხმის გამო, ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს, რის შედეგადაც, რუსეთის ეკონომიკა უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა. აგრესორი სახელმწიფოს ბაზარს ყოველდღიურად ტოვებენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები, ტანსაცმლისა და ტექნიკის ბრენდები და ფინანსური ინსტიტუტები. რუსეთს აღარ აქვს წვდომა საერთაშორისო ბანკთაშორის სისტემა SWIFT-ზე, თითქმის 50%-ით გაუფასურდა რუსული რუბლი, რუსეთის მოქალაქეებისთვის რუსული ბანკებიდან უცხო ვალუტაში თანხის გატანაზე ლიმიტი დაწესდა. 8 მარტს, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის მთავარ არტერიაზე დარტყმის შესახებ გამოაცხადა და ამერიკაში რუსული გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტი აკრძალა. რუსულ ენერგომატარებლებზე ემბარგოს დაწესება დააანონსეს ევროპის სახელმწიფოებმაც.

პარალელურ რეჟიმში, უკრაინას სამხედრო შეიარაღებას აწვდიან აშშ და ევროპის სახელმწიფოები.
Print